ჩვენი ხედვა
"მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი" – სიტყვებში, რომლიც აწ გარდაცვლილმა პრემიერ მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, წარმოთქვა ევროპის საბჭოში 1999 წელს – გაჟღერებული იყო საქართველოს ეროვნული პროგრამა, რომელმაც განსაზღვრა კიდეც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი მომდევნო ათწლეულისთვის. 2003 წლის ნოემბრის ვარდების რევოლუციის შემდეგ ევროპაში ინტეგრაციამ ახალი იმპულსი შეიძინა. საქართველომ ხმამაღლა განაცხადა თავისი ევროპული იდენტობის შესახებ და მიზნად დაისახა ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება.
ნატოსთან დაახლოების საქმეში დიდი ძალისხმევის ჩადებასთან ერთად, "უზენაეს მიზნად" გამოცხადდა ევროსტრუქტურებში საბოლოო ინტეგრაცია და ევროპაში შესვლა, "როგორც სახლში დაბრუნება" (ციტატა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2004-2009 წლებში გაკეთებული განცხადებებიდან). ამ მისწრაფების სიმბოლიზებისთვის, თითქმის ყველა საჯარო დაწესებულების წინ და დაწესებულებებში თვალსაჩინოდ გამოიფინა ევროკავშირის დროშები.

ბრიუსელმა პირობა დადო, "უფრო ძლიერი და მეტად აქტიური ინტერესი გამოეჩინა სამხრეთ კავკასიის პრობლემებისადმი" (ევროპის უსაფრთხოების სტრატეგია – "უსაფრთხო ევროპა უკეთეს მსოფლიოში"; 2003 წლის დეკემბერი) და გახსნილად გამოაცხადა საქართველოსთან და მის მეზობლებთან თანამშრომლობის სხვადასხვა ახალი ფორმატი, რის შემდეგაც იგი საქართველოს სამართლიანად განიხილავს, როგორც მოწინავე ქვეყანას ევროპასთან ინტეგრაციის საკითხში. ამ თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია თბილისსა და ბრიუსელს შორის.

მიუხედავად პოლიტიკურ დონეზე არსებული დინამიკისა, ფაქტობრივი შესრულების დონე გარკვეულწილად სუსტია. გადაწყვეტილებები ძირითადად ელიტის დონეზე მიიღება. ორივე მხარეს შეიმჩნევა მონაწილეობითი და კვალიფიციური დისკურსის ნაკლებობა იმის თაობაზე, ხდება თუ არა პოლიტიკური განცხადებების საკმარისად გამყარება გადაწყვეტილებებითა და ქმედებებით. ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა გაცილებით მოკრძალებულია "ევროპული იდეის" პოპულარობასთან შედარებით (რასაც გამოკითხულთა 70-80 პროცენტი უჭერს მხარს), რომელიც ასოცირდება მშვიდობასთან, დემოკრატიულ ფასეულობებთან და კარგი ცხოვრების სტანდარტებთან.

ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი (EI LAთ), რომელიც მუშაობს საქართველოს და სამხრეთ კავკასიის საკითხებზე, მათ ურთიერთობაზე ევროკავშირთან, მიზნად ისახავს საჭირო დებატების სტიმულირებას ევროპული მომავლის თაობაზე, ევროკავშირში ინტეგრაციის გადაქცევას ნამდვილად ქვემოდან ზემოთ წარმოებულ პროცესად და იმ საფრთხის თავიდან აცილებას, რომ რეფორმები დაიგეგმოს, მიღებულ იქნას და განხორციელდეს ინტერესთა ჯგუფებთან საკმარისი კონსულტაციის გარეშე.
ზოგადად, ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისის მიზანია, ერთი მხრივ, განუმარტოს ევროპის არსი პოლიტიკური გადაწყვეტილებების ადგილობრივ დონეზე მიმღებ პირებს, ექსპერტებს, ჟურნალისტებს, სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებზეც საქართველო-ევროკავშირის პარტნიორული შეთანხმებები უშუალო გავლენას ახდენს და მთლიანად საზოგადოებას.

მეორე მხრივ, ორგანიზაციის მიზანია, უზრუნველყოს წვდომა პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან და ექსპერტებთან ბრიუსელში და ევროპის დედაქალაქებში იმისათვის, რომ ისინი უკეთ იცნობდნენ საქართველოს და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველებს მთლიანად რეგიონში, აგრეთვე ამ ქვეყნებში რეფორმებსა და ცვლილებებზე თვალყურის დევნისათვის. EI LAთ-ის კვლევით არეალში შედის თურქეთი და ურთიერთობები თურქეთთან, როგორც მნიშვნელოვან მეზობელთან, რომელთანაც საერთო საზღვარი გვაქვს და რომელიც ასევე მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
უფრო კონკრეტულად, ჩვენ გვსურს, ევროპა განვმარტოთ ისე, რომ პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გაუადვილდეთ მუშაობა მომავალი ინტეგრაციის მიმართულებით, ხოლო მოქალაქეებმა გაიაზრონ დღის წესრიგში მყოფი საკითხები იმგვარად, რომ შეძლონ მთავრობისგან პასუხის მოთხოვნა ამ ამოცანის შესრულებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენი სურვილია, საზოგადოებას გავაცნოთ სხვადასხვა გამოცდილება, რომლებიც ევროკავშირის ამჟამინდელმა წევრებმა გაიარეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამ გამოცდილებიდან გამოვიტანოთ გაკვეთილები.

ჩვენ ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ცოდნა-გამოცდილება გადმოვიტანოთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდანსაქართველოში და მობილიზება გავუკეთოთ კიდევ უფრო მეტ შიდასახელმწიფოებრივ მხარდაჭერას, მათ შორის, ადგილობრივი კოალიციების სახით (არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, მთავრობის წარმომადგენლები, ბიზნესმენთა ჯგუფები), რომ უფრო ეფექტურად მოხდეს ევროკავშირის მიზნებიდან გამომდინარე რეფორმების განხორციელება. ჩვენი კვლევითი პროდუქტების ქვეყნის/რეგიონის გარეთ გატანით ჩვენ ვეცდებით, წავახალისოთ ინფორმირებული ორმხრივობის გამოხატვა, პირველ რიგში, ევროკავშირის მხირდან და, ასევე, დაინტერესებული ჯგუფების მხრივ საერთაშორისო დონეზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
მიმდინარე პროექტები
სოციალური ქსელები
დონორები და პარტნიორები