"აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი" - ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო კომისიაზე ზეწოლა არ იყო
"აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი" - ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო კომისიაზე ზეწოლა არ იყო
30 / 10
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" კონფერენცია "საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი და საარჩევნო გარემოს ანალიზი" გაიმართა. ღონისძიებაში "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის" საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ და ეროვნული პლატფორმის წევრმა ორგანიზაციებმა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის ანგარიში წარადგინეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას, "საქართველოს ეროვნული პლატფორმის" თავმჯდომარემ მანანა ქოჩლაძემ განმარტა, სადამკვირვებლო მისია შედგებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნის პოლონეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ხუთი ქვეყნისგან. ეს ქვეყნებია: ბელორუსია, აზერბაიჯანი, მოლდოვა, სომხეთი და უკრაინა. საპრეზიდენტო არჩევნებზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი ხმის მიცემის მონიტორინგს 41 საარჩევნო უბანზე თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში აწარმოებდა. მანანა ქოჩალაძის ინფორმაციით, არჩვენები მცირე პროცედურული დარღვევების მიუხედავად, დადებითად შეფასდა.
მისიის წევრის, პოლონეთის წარმომადგენლის, გრეგორც ლევოცკის შეფასებით, მათთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რამდენად მშვიდად ჩატარდა საქართველოში არჩევნები. მისივე განმარტებით, არ იყო დაძაბულობა და ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო კომისიაზე ზეწოლა.
"ეროვნული პლატფორმის" პირველი სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის, "ლიბერალური აკადემია - თბილისის" დირექტორის ლაშა ტუღუშის ინფორმაციით, "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის" სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში არჩევნებზე მონიტორინგი პირველად განახორციელა. მისი თქმით, ვილნიუსის სამიტის წინ, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა და კარგი პრაქტიკაა იმ ფონზე, როდესაც, მომავალ წელს "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი" თბილისში გაიმართება.
"ჩვენ უნდა გადავდგათ კიდევ მეტი ნაბიჯი წინ, იმისათვის, რომ რეალურად, მომავალში ქვეყანაში ევროპული დონის არჩევნები სტანდარტად ვაქციოთ", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა და დასძინა, რომ ხარვეზებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ და უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა უნდა გაუმჯობესდეს. 
მისივე თქმით, მომავალში ნაკლებად პერსონიფიცირებული არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამასთან, როგორც ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, დასახვეწია მედია კანონმდებლობა, რადგან სერიოზული პრობლემები შეიქმნა უფასო და ფასიან რეკლამებთან დაკავშირებით. მისივე შეფასებით, ბევრი ხარვეზი იყო კომისიების მუშაობაშიც.
როგორც ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, საქართველოში უახლოეს მომავალში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, რომლისთვის მომზადებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

წყარო: www.ipn.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
მიმდინარე პროექტები
სოციალური ქსელები
დონორები და პარტნიორები